ადგილს, სადაც გუშინ ტრაგედია დატრიალდა და 4 ადამიანი დაიღუპა, სხვადასხვა დროს 3 სხვადასხვა დამისამართება ჰქონდა - აფაქიძის, იგივე კვერნაძის და იგივე აკურის 13, 11 და 8 ნომერი(სხვადასხვა წლების მონაცემებით). უძრავი ქონების გამო, მფლობელ კომპანიას სამართლებრივი დავა ჰქონდა ინსტიტუტის მეცნიერებთან, მის წინააღმდეგ გამოძიებაც მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, პასუხისგებაში კომპანიის ყოფილი წარმომადგენლები მიეცნენ.

როგორც ცნობილია, ინვესტორი და მშენებელი კომპანია "ტიფლის ბიზნეს ცენტრია", რომელიც "ტიფლის ბიზნეს ჯგუფთან" ერთად, "ტიფლის დეველოპმენტის" შვილობილი კომპანია იყო.

2014 წლის აგვისტოდან "ტიფლის ბიზნეს ცენტრი" ყაზახ ინვესტორებზე გასხვისდა და საინვესტიციო ვალდებულებები, რომლებიც კომპანიამ 2012 წლის არჩევნებამდე აიღო, ახალ ხელმძღვანელობაზე გადავიდა.

თავდაპირველად აღნიშნული ქონების კომპანიისთვის გადაცემის საკითხზე პრეტენზიები გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებს გაუჩნდათ. მეცნიერების ადვოკატი დავით შველიძე და თავად თანამშრომლები მიიჩნევნდნენ, რომ თბილისის მერიამ, 2012 წელს (თბილისის განვითარების ფონდისა და შპს "ახალი თბილისის") მეშვეობით შეფასებულზე ნაკლებ თანხაში გადასცა კომპანიას ინსტიტუტის შენობა და 7 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს "ტიფლის ბიზნეს ცენტრმა" 2012 წლის არჩევნებამდე, 5 სექტემბერს უძრავი ქონება 1 770 000 აშშ დოლარად მიიღო და თანხა 2012 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დაეფარა. ამასთან, 2 წლის ვადაში ბიზნეს ცენტრი და სასტუმრო უნდა აეშენებინა. თუმცა ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის ივნისის მდგომარეობით კომპანიამ სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებები ვერ შეასრულა.

ეს გამოჩნდა ყაზახი ინვესტორებისთვის კომპანიის გასხვისებამდე 2 თვით ადრე, 2014 წლის 6 ივნისით დათარიღებული პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში (#989). დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ტიფლის დეველოპმენტის" შვილობილ კომპანიას მათემატიკის ინსტიტუტის საფასურის დარჩენილი თანხა, 1 180 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა და ამ შემთხვევაში, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებოდა. ეს აღნიშნული კომპანიის საქმიანობის ხელშესაწყობად განხორციელდა.

2014 წელს ირკვევა, რომ "ტიფლის დეველოპმენტის" და მისი შვილობილი კომპანიების მიმართ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იწყებს გამოძიებას - მიზნით, დაადგინოს, რამდენად კანონიერად გადაეცა კომპანიას სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება. გამოძიებამ რამდენიმეჯერ დაკითხა კომპანიის ხელმძღვანელობა, იმდროინდელი "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელები, პასუხისგებაში აღნიშნულ საქმეზე არავინ მიუციათ. თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.

პრემიერის ბრძანება

თუ რატომ აპატია პირგასამტეხლო პრემიერმა კომპანიას, რომლის წინააღმდეგ გამოძიება დღესაც მიმდინარეობს, გასულ წელს მთავრობის ადმინისტრაციასაც მივმართეთ, სადაც განმარტეს:

"განმარტებითი ბარათიდან დგინდება, რომ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაციის მოძიების მიზნით მიმართა საქართველოს შსს–ს ანტიკორუფციულ სააგენტოს საგამოძიებო მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება შპს "სახელმწიფო მომსახურების" ბიუროს ხელმძღვანელ პირთა მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში შესწავლილი იქნა ქ.თბილისში, აკურის ქუჩა #8–ში მდებარე ქონების გასხვისების კანონიერების საკითხი, რომლის შედეგადაც, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები გამოვლენილი არ იქნა. აქვე გაცნობებთ, რომ შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიურო"–ს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელმაც 2012 წლის 05 სექტემბერს დადო ნასყიდობის ხელშეკრულება შპს "ახალ თბილისთან"(ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლეა შპს "ტიფლის ბიზნეს ცენტრი")",–ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ პასუხში.

რა პირობებით გადაეცა კომპანიას ქონება

აღნიშნული საქმის გარდა, კომპანიას პრობლემები სხვა ობიექტზე შეექმნა. კერძოდ, საქმე ეხება ვაკის პარკის მიმდებარედ სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობას, სადაც თბილისის მერიას მოქალაქეთა ჯგუფი მშენებლობის ნებართვის გაცემის უკანონობაში ადანაშაულებდნენ. 

რას წარმოადგენს კომპანია, რომელსაც ცალკე მერია ედავება და ცალკე საგამოძიებო სამსახური?

"აიპრესი" ამ კომპანიის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების საქმიანობით არანაკლებ მნიშვნელოვან ობიექტზე, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის გასხვისებასთან დაკავშირებული ბუნდოვანი ისტორიით ჯერ კიდევ თებერვლის თვეში დაინტერესდა. "აიპრესთან" საუბრისას კომპანია "ტიფლის ბიზნეს ჯგუფის" (ტიფლის დეველოპმენტის შვილობილი კომპანია) დირექტორი ნიკოლოზ ფორჩხიძე უარყოფს, რომ გამოძიება დეველოპმენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან რამდენიმე პირი დაიკითხა და საქმე მათ სასარგებლოდ დაიხურა.

ნიკოლოზ ფორჩხიძე: "არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, საერთოდ ყველაფერი დახურულია, ყველა საქმე."

"აიპრესი": ჩვენ მოგვაწოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზეც მიმდინარეობს გამოძიება...

ნიკოლოზ ფორჩხიძე: "არა ჩვენ ამაზე ინფორმაციას არ ვფლობთ. თავის დროზე, როცა მიდიოდა საქმე, მაშინ დაიკითხნენ, მაგრამ დღეს დახურულია საქმე. ჩვენ სასარგებლოდ დაიხურა საქმეები."

წარსული დაუსრულებელი გამოძიებით...

საპირისპირო პოზიცია აქვს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, სადაც აცხადებენ, რომ გამოთვლითი მათემატიკის გასხვისების საქმის ფარგლებში, "ტიფლის დეველოპმენტის" საქმიანობასთან დაკავშირებით 2 სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.

"ორი მუხლით მიმდინარეობს ახლა ძიება, პირველი არის სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლი, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს, მეორე არის სისხლის სამართლის კოდექსის 210 მუხლი, ეს არის ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება", -აცხადებდნენ საგამოძიებო სამსახურში.

აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას ადასტურებდნენ თბილისის მერიაშიც. მერიის პრესცენტრის მიერ, 24 იანვარს ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ პასუხში რომელიც კომპანიის წინააღმდეგ გამოძიებას ეხება (გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის საქმეზე) ვკითხულობთ:

"რაც შეეხება იმას, შეისწავლა თუ არა მერიამ აღნიშნული კომპანიის საქმიანობა, საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია, თუმცა, მერია არ არის სასამართლო და სამართლებრივ ჭრილში თემას ვერ განიხილავს",- აცხადებენ თბილისის მერიაში.

6 ივნისს მომხდარ ტრაგედიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინვესტორ კომპანიაში საკუთარ ბრალეულობას გამორიცხავენ. თუმცა არსებობს საქმე, რომელიც ჯერჯერობით არ დასრულებულა, რომლის მთავარი კითხვაა - რატომ გადაეცა კომპანიას ქონება შეღავათიანი პირობებით.