დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების ხელში ეს საქმე არ გახდება მეორე ინსტრუმენტი და ხელმეორედ არ მოხდება ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების სისხლის სამართლებრივი დევნით დაკავების საფუძველი, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოსარიცხი არაფერია, - ამის შესახებ აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განუცხადა, სადაც გლდანში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ პირებს ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას შეხვდა.

„რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გარკვეული პრეტენზიები იყო გამოთქმული სამართალდამცველი ორგანოების მიმართ, ვინაიდან მოგეხსენებათ, როდესაც 30-40 ადამიანი ბანდფორმირების სახით ხელკეტებით შეიარაღებული მიუვარდება საცხოვრებელ ადგილას პირებს, იძალადებენ და ამაზე პოლიციას მყისიერი რეაქცია არ აქვს, ეს თავისთავად იწვევს ეჭვს, რომ ეს არის ორგანიზებული, წახალისებული და იმის ნაცვლად, რომ ამ პირების დაკავება მყისიერად მომხდარიყო ძალიან ოპერატიულად დააკავეს ნიკა მელია და მისი თანმხლები პირები.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების ხელში ეს საქმე არ გახდება მეორე ინსტრუმენტი და ხელმეორედ არ მოხდება ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების სისხლის სამართლებრივი დევნით დაკავების საფუძველი, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოსარიცხი არაფერია. კადრები, რომელიც საჯაროდ არის გავრცელებული, იქ პოლიციელზე თავდასხმა არცერთი მათგანის მხრიდან ნამდვილად არ იკვეთება. რა თქმა უნდა, არის ემოციური ფონი, გარკვეულწილად დაპირისპირება, ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც ხდება პირების დაკავება ამ ემოციური ფონის თანხლებით, თუმცა გამოძიება რა კუთხით წარიმართება და როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვერ გეტყვით“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს და დაელოდებიან, როდის მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს.

ამასთან როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ნიკა მელიას გარკვეული დაზიანებები აღენიშნება.

„მე გუშინაც აღვნიშნე, რომ მას გარკვეული დაზიანებები აღენიშნება. ტანსაცმელი მთლიანად აქვს შემოხეული, მრავალი საათის განმავლობაში საკმაოდ მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი ხელბორკილები, ორივე მაჯის არეში არის შეშუპება, ასევე სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავების დროსაა მიღებული”, -განაცხადა კონდახიშვილმა.

გუშინ გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ცხოვრობს. ირაკლი ეძგვერაძის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც, ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, გლდანში დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკრებულოს დეპუტატისა და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.