გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში. მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე - 18 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათში კი, მოქალაქეს საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი ცირკული ტიპის სახერხი საამქრო. ტერიტორიიდან ამოღებულია წიწვოვანი სახეობის 2 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.