საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული "2004-2012 წლებში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ“ სამუშაო ჯგუფი ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის მსვლელობისას გამოიკითხა 2012 წლის ოქტომბრამდე პატიმრობაში მყოფი 100-ზე მეტი პირი, მათ შორის წამების და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, პატიმრები, ასევე ყოფილი პატიმრები მაღალი თანამდებობის პირების მიერ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დაკვეთაზე ან/და მის განხორციელებაში უშუალო მონაწილეობაზე საუბრობენ. 

ანგარიშში წამებისა და არადამიანური მოპყრობის კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი. 

„წამების ძირითადი ფორმები იყო : ცემა, გაუპატიურება,მოხრჩობა, ფრჩხილების დაძრობა, თვალის კაკლებზე ხელის დაჭერა ტკივილის მიყენებისა და თვალების დათხრის იმიტაციის მიზნით.... წამების შედეგად პატიმრები დასნეულდნენ, აქვთ ტრავმები, ფსიქიკური აშლილობა...".  

მ.გ
„ციხეში ყოფნის დროს მაწამებდნენ. სხვადასხვა პერიოდში დამაძრეს ფრჩხილები, დამიზიანეს თავის ქალა, დამიმტვრიეს ფეხის ძვლები, ჩამიმტვრიეს ნეკნები, გამიტეხეს ცხვირი, ჩამიმტვრიეს კბილები. ვარ 43 წლის, მაგრამ გამოვიყურები მოხუცივით. სიარულის დროს ხან სად ვიქცევი, ხან სად“.

თ.ბ

2010 წლის 28 ივნისს გადამიყვანეს რუსთავის N16 დაწესებულებაში. 9-დღიანი კარანტინის დროს შემოვიდა დ.მ, რომლის ინიციატივით გამიყვანეს და ხუთმა თანამშრომელმა სასტიკად მცემა; ცემის შემდეგ გამიყვანეს სამორიგეო ნაწილში, საიდანაც დაურეკეს დაწესებულების დირექტორს და მოახსენეს: ბ.ვნახეთ, კარგი დოზაც მივეცით, რა ვქნათ ახლაო? დირექტორმა ჩემთან მოიყვანეთო. მისვლისთანავე მითხრა (ვციტირებ): არ გავიგო შენი არაფერი, იცოდე სად ხარ. მე ვარ მეN16-ს დირექტორი“. ამის შემდეგ დამარტყა ხის ხელკეტი სახეში და ჩამიტეხა წინა კბილები. დ.მ-მ მთხოვა, დირექტორის წინაშე დავმდგარიყავი მუხლებზე. უარის თქმის შემდეგ კვლავ სასტიკად მცემეს.
მძიმედ დაავადდი. დამემართა ეპილეფსია და ტუბერკულიოზი“. 

ი.კ

„2007 წლის 11 დეკემბერს, კამერაში შემოვიდნენ თ.მ, ვ.ყ,..შ.. და ქსნის კოლონიაში ადრე ნამუშევარი რ..., რომლის გვარიც აღარ მახსოვს და ასევე სხვა თანამშრომლები. ამ ადამიანებმა სასტიკად მცემეს. ცემის მიზეზი იყო ჩემი უარი პროკურატურის მიმართ საპროცესო შეთანხმებაზე. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი „გამეპრავებინა“ პროკურატურა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელი დამარტყა, სხვებიც აყვნენ. დამაგდეს იატაკზე და შემდგენ წიხლებით. ცემის დროს გამებზარა ნეკნი და მივიღე სხეულის მრავალი დაჟეჟილობა, ასევე, რადიატორზე მიმარტყმევინეს თავი, თავი გამიტყდა და გონება დავკარგე. 
გონებაზე მოსვლის შემდგომ მკითხეს :ახლა რა აზრზე ხარო, აკეთებ საპროცესოსო? მე ექიმი მოვითხოვე, მოთხოვნა არ მქონდა დასრულებული, რომ წიხლი მომხვდა და გაისმა გინება ჩემი მისამართით. ამის შემდეგ, ორსართულიანი საწოლის კიბეზე მიმადებინეს ხელი და ფეხით მაჯა გადამიტეხეს. მიმაგდეს და გავიდნენ. ვითხოვდი მკურნალობას და ტკივილგამაყუჩებელ წამალს. ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, რომ ორჯერ ვცადე თვითმკვლელობა, მაგრამ თანასაკნელებმა შემიშალეს ხელი“.