თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ ბათუმში ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) ყოველწლიურ მე-12 შეხვედრაში CORLEAP-ის თანათავმჯდომარისა და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობა მიიღო.
ზურაბ აბაშიძემ ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და CORLEAP-ის თანათავმჯდომარე, ჩეხეთის რესპუბლიკის რადლოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერთან პაველ ბრანდასთან ერთად გახსნა.
ზურაბ აბაშიძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) უაღრესად ღირებული ფორმატია, რომლის მეშვეობითაც, წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მიეცა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA), უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიეღო.
ზურაბ აბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ფორმატი არ იყო შექმნილი, როგორც ევროკავშირის გაფართოების მექანიზმი, ის მნიშვნელოვნად დაეხმარა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში.
„ჩვენ მტკიცედ ვრჩებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგულნი და გვჯერა, რომ მას აქვს პოტენციალი, მოემსახუროს რეგიონს, როგორც პოლიტიკის წარმოების ღირებული და მოქნილი საერთო ჩარჩო, რომელიც ეფუძნება წევრების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს. დღევანდელ მკვეთრად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიგვაჩნია, სწორედ დაკავშირებადობა, ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ამ მხრივ კარგი მაგალითი შეიძლება იყოს შავი ზღვის ფლაგმანი პროექტები. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და პოტენციალი აქვს. ჩვენი ქვეყანა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ენერგორესურსების, ტრანსპორტის/ლოგისტიკური და ციფრული კავშირების განვითარებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება. საქართველო მხარს უჭერს პრაქტიკული და შედეგებზე ორიენტირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის შენარჩუნებას,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე, CORLEAP-ის წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი 50 - მდე დელეგატი, ასევე ათეას მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასასრულს კი, ახალი თანათავმჯდომარის წარდგენა მოხდა.
აღსანიშნავია, რომ CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. როტაციის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, თანათავმჯდომარის სტატუსი, საქართველომ ამჯერად უკრაინას გადააბარა.
შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიება ორდღიანია და 7-8 სექტემბერს გაიმართება. მონაწილეებმა ღონისძიების ფარგლებში ძველი ბათუმი დაათვალიერეს. ღონისძიების მეორე დღე კონფერენციით - „მუნიციპალიტეტების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში“ გაიხსნება, რომელშიც CORLEAP-ის დელეგატებთან ერთად, ათეას წევრი მუნიციპალიტეტების პირველი პირები მიიღებენ მონაწილეობას.