აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმში სკოლების მშენებლობის პროცესს გაეცნო.
ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე 1400 მოსწავლეზე გათვლილი, 3 სართულიანი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ საჯარო სკოლაში განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, მოეწყობა ღია მოედანი და სარეკრეაციო სივრცე.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის მშენებლობა.
სკოლა ორ ცვლაში, გათვლილია 2 000 მოსწავლეზე. საკლასო ოთახებთან ერთად, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები ტრიბუნებით.
ამ დროისთვის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები.
სკოლები მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.
2024 წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 000 000 ლარზე მეტია. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში 125 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობის მშენებლობა და 16 საჯარო სკოლის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციაა დაგეგმილი.