აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და ციტრუსის მიმღებ - გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის საქმიანობა შეაჯამეს. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კოორდინირებული მუშაობის შედეგად ციტრუსის სეზონი მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე წარიმართა.
,,ციტრუსის სეზონი წარმატებით დასრულდა. კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პროცესი ეფექტურად და მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე განხორციელდა, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახა საბოლოო შედეგებზე. ექსპორტირებულია 27 000 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, რომლის ღირებულებამ 43 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 5 მილიონ ლარამდე სუბსიდია გაიცა. ფერმერების მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ, რათა რეგიონში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს" - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შეხვედრაზე სეზონის განმავლობაში მიღწეული შედეგები განიხილეს და არსებული გამოწვევების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმებზე, ციტრუსის რეალიზაციის პროცესსა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებზე.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ორი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
აღსანიშნავია, რომ 2025–2026 წლების ციტრუსის სეზონზე, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 2.5 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია გამოიყო. სეზონის განმავლობაში საექსპორტო მანდარინის მიღებას 20-ზე მეტი კომპანია ახორციელებდა, ხოლო არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებას ქობულეთში მოქმედი ორი საკონსერვო ქარხანა უზრუნველყოფდა.
შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი, უმაღლესი საბჭოს წევრები და ქობულეთისა და ხელვაჩაურის მერები ესწრებოდნენ.




