სენაკის მუნიციპალიტეტში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
პროექტი, ღირებულებით - 497 777 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.
დასრულების ეტაპზეა ხელოვნურსაფარიანი მოედნის, გარე განათების სისტემისა და შემოღობვის კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია გაეცნენ.
,,სპორტი და ახალგაზრდული პოლიტიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ჩემი საქმიანობის და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს, რომ ჯანსაღი ცხოვრებით და სპორტით დაკავდნენ. მათ შორის, ბევრი იქნება ისეთიც, ვინც პროფესიულ სპორტში შეძლებს წარმატებების მიღწევას“ - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, მინი სპორტული მოედნები, თეკლათში - გოლასკურის უბანსა და ნოქალაქევში - გახომელას უბანში ეწყობა.
დამონტაჟდება ხელოვნურსაფარიანი მოედნები, კალათბურთის ფარები, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა;
მიმდინარე სამუშაოებს, საერთო ღირებულებით - 215 512 ლარი, შპს ,,მენათი“ ასრულებს.
თეკლათსა და ნოქალაქევს, განახლებული, კეთილმოწყობილი მინი სპორტული მოედნები, მიმდინარე წლის ივნისის თვის ბოლოს შეემატება.
2023 წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, 3 მინი სპორტული მოედანი მოაწყო - ვაჩნაძის ქუჩაზე , ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ და მშვიდობის ქუჩაზე, ახალრეაბილიტირებული მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; ტრენაჟორები დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.