გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ჰქონდა დამონტაჟებული. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი სახეობის, 12 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელ სახლში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 5,6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში კი, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სახელმწიფო ტყეში ჰქონდა დამონტაჟებული. მიმდებარე ტეროტორიაზე დაილუქა წიწვოვანი სახეობის 3.5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 10 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.