ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროექტის კონცეფცია განიხილა.
ქალაქ სამტრედიაში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე აშენდება უეფას III კატეგორიის შესაბამისი თანამედროვე საფეხბურთო სტადიონი, რომლის პროექტირების პროცესი უკვე იწყება.
სტადიონი გათვლილი იქნება დაახლოებით 6 000 მაყურებელზე და სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
პროექტი ითვალისწინებს გუნდების გასახდელებისა და საშხაპეების, მსაჯების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახების, დოპინგ-კონტროლის სივრცის, მედიაცენტრისა და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას. ასევე დაგეგმილია უსაფრთხოების, აუდიო-ვიზუალური და თანამედროვე საინჟინრო სისტემების ინტეგრირება.
სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება ავტოსადგომები და კომერციული დანიშნულების სივრცეებიც.
ახალი სტადიონის პროექტირების საერთო ღირებულება 1.7 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო პროექტირების დასრულების ვადა 8 თვემდე განისაზღვრა. პროექტს მოამზადებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია — შპს „გურგენიძე არქიტექტურა“.
ახალი სტადიონის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და შექმნის პირობებს ეროვნული და საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების გამართვისთვის.









