საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საგარეჯოსა და ნინო წმინდის ეპარქიამ, საგარეჯოს კულტურის სახლის მიმდებარედ, თავდასხმის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის პარაკლისი აღავლინეს. 

პარაკლისის შემდეგ, მათ ტრაგედიის ადგილზე გადაინაცვლეს და გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც საგარეჯოში მცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კიდევ ერთ დაშავებულს, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა და საგარეჯოდან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.