ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სამი, 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, 720 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებულ ახალ ბინებს მიიღებს. პროექტის ღირებულება 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზეც. ჯამში, რამდენიმე თვეში, ქუთაისში, სრულად გარემონტებული ბინა 1040 ოჯახს გადაეცემა.
თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა სააგენტოს დირექტორ ზურაბ უტიაშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა, 2023 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ერთდროულად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.