ფოთის სამოქალაქო პლატფორმამ - „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ და მოქალაქეთა ჯგუფმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპლიტეტს სასამართლოში უჩივლა. ისინი მაღალი დაბინძურების ზონებში ჰაერის მონიტორინგის სტაციონარული სადგურის დადგმასა და ქალაქის მასშტაბით ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას ითხოვენ.
მათი პრეტენზია ხელისუფლების გულგრილობას, სავარაუდო კორუფციის არსებობასა და დაკისრებული მოვალეობის აღუსრულებლობასაც შეეხება. „ჩვენს მიერ ინიცირებული პეტიციის საფუძველზე, ნავსადგურის მიმდებარედ დაიდგა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური სადგური, რომელიც 5 თვის მანძილზე ზომავდა ჰაერში მტვრის ნაწილაკებს. აღნიშნული მაჩვენებლის საფუძველზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, გასული წლის დეკემბერში, მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, შედეგები საგანგაშოა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, ქალაქის დაბინძურებულ უბნებში, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესწავლის რეკომენდაცია მიეცა. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ამის ბიუჯეტში ასახვას აჭიანურებს.დეკემბრიდან აღარ მუშაობს ჰაერის უწყვეტი მონიტორინგის მობილური სადგურიც. გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ტექნიკურად გამოვიდა მწყობრიდან, ვინაიდან ვერ მოახერხეს ფილტრების გამოცვლა. მიზეზად ასახელებენ მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობას. თუმცა, მიმაჩნია, რომ პასუხისმგებელი პირები არ იჩენენ ინიციატივას, არ ხარჯავენ მეტ ძალისხმევას მოსახლეობის დარწმუნებაში, პირიქით, მუდმივად აღრმავებენ უნდობლობას ხალხში, ვინაიდან არ ცნობენ ვალიდურად სადგურის მონაცემებს და დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის (NСDC) რეკომენდაციებს და აცხადებენ, რომ არ ფლობენ საჭირო კომპეტენციებსა და რესურსს ამ თემაზე მუშაობის გასაგრძელებლად. გამომდინარე აქედან, ჩვენი მოთხოვნაა: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოთ დაუყოვნებლივ შეიმუშავონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, რათა მიღწეულ იქნეს ტექნიკური რეგლამენტით - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმები, დაუყოვნებლივ ჩართონ ექსპერტები, შეისწავლონ მაღალი დაბინძურების ზონებში მცხოვრები მოსახლეობის (განსაკუთრებით, ბავშვების) ჯანმრთელობის მდგომარეობა და ირეაგირონ ევროსტანდარტის მიხედვით“, - განაცხადა „ფოთის სამოქალაქო პლატფორმის“ დამფუძნებელმა ელისო ჯანაშიამ.