სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ქალაქ სენაკის მერი ვახტანგ გადელია ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში რემონტდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე. სრულად შეიცვალა შენობის სახურავი და ელექტრობა; ეწყობა გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.
ასევე მიმდინარეობს შენობის ფასადისა და შიდა ეზოს მოპირკეთება. სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა გარე ლიფტი (ამწე) და ადაპტირებული სველი წერტილები. იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული კაბინეტები, ბიბლიოთეკა, ექიმის და რესურს ოთახები.
სამუშაოები, რომლის ღირებულება მილიონ ხუთასი ათასი ლარია, სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.