ბაწარა ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ალაზნის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 90 000 ქვირითით დათევზიანდა, რაც აღნიშნულ დაცულ ტერიტორიაზე პოპულაციის აღდგენისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ველური ბუნების სააგენტოების ჩართულობით, საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს 2016 წლიდან წარმატებით ახორციელებს. 2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება, ჯამში, 700 000 ქვირითით მოხდება.

ბაწარა ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ალაზნის შენაკადების  დათევზიანების პროცესში მონაწილეობას იღებდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლები.

„საქართველოში, ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. უკვე რამდენიმე მილიონი ნაკადულის კალმახის ქვირითით დავათევზიანეთ საქართველოს მდინარეები. ამ ეტაპზე, დათევზიანებასთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი. მრავალ მდინარეში, რომელშიც თევზი პრაქტიკულად არ ფიქსირდებოდა, დღეს უკვე თვალხილულია ნაკადულის კალმახი. დათევზიანების  პროცესი იქნება შეუქცევადი და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.