დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ და საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართეს.
“დღეს ჩვენ ბათუმში არ გვექნებოდა სიღარიბე, არ გვექნებოდა უსულო და ჩაბეტონებული ქალაქი, არ გვეყოლებოდა იმედისგან დაცლილი ახალგაზრდობა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის 11 წლიანი ოლიგარქიული კორუფციული და კრიმინალური მმართველობა.
მიხეილ სააკაშვილის და ლევან ვარშალომიძის განვითარების ხედვა და მოქმედება დაფუძნებული იყო ქალაქის კონცეპტუალურ განვითარებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ახალგაზრდების განათლებაზე და მომავალზე. ეს ადგილი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, კარგად აჩვენებს იმ კონტრასტს, სააკაშვილის ოცნების შავი ზღვის მარგალიტს და ბიძინა ივანიშვილის მიტოვებულ და გაუბედურებულ ბათუმს შორის.
ჭოროხის ხიდის შეჩერებული მშენებლობა მავნებლობის შესაშური მაგალითია. მიხეილ სააკაშვილი ამ ხიდის მშენებლობით ჩვენს თანაქალაქელებს უხსნიდა შესაძლებლობის ახალ ფანჯარას. ეს ხიდი გახლავთ ბათუმისთვის სუნთქვის სიმბოლო და უნდა გამხდარიყო მორიგი ინვესტიციების ტალღის მიზიდულობის ცენტრი, რაც თავისთავად ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ დასაქმებულ ადამიანს, მეტ შემოსავალს ჩვენი თანაქალაქელებისთვის. ხიდის მშენებლობის შეჩერებით შეაჩერეს გონიო-კვარიათი-სარფის განვითარება. თავშივე ჩაკლეს გონიოს ყოფილ პოლიგონზე ახალი ტურისტული ქალაქის შესაძლებლობა, გაანადგურეს და საქონლის ბოსლად აქციეს გონიოს პრომინატი. დროა მოვიშოროთ „ქოცების“ მავნებლური ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი მოვაშოროთ ხელისუფლებას და გავაგრძელოთ ქვეყნის და მათ შორის ბათუმის განვითარება. დღეს, რუსეთის ტყვეობაში იმყოფება არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, არამედ სრულიად საქართველო. თავისუფლება საქართველოს და თავისუფლება მიშას!“ - განაცხადა ლევან ანთაძემ
„11 წლიანი ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მმართველობა კარგად აისახება ამ ერთ ბანერზე. ბანერზე, სადაც დატანილია, რომ ბათუმში დღეს არის 40 ათასი სოციალურად დაუცველი, ბათუმში დღეს არასწორად ვითარდება ქალაქი, ბათუმი დღეს უსულო და უსახური მშენებლობების ქალაქად გადაიქცა და ბათუმიდან დღეს ახალგაზრდები გარბიან. სწორედ ამ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ახლა აქ ვდგავართ, ჩვენ შევაღებთ ყველა სახლის კარს, მივალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ, რომ ივანიშვილის მმართველობას არაფერი კარგი და არაფერი სიკეთე არ მოუტანია, ამიტომ დროა ცვლილებების და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აჭარის გუნდი, ბათუმის გუნდი გავაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის.“ - განაცხადა რეზო ხარაზმა