ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, წარმომადგენლებთან, სტრუქტურული ერთეულის და განყოფილების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად გამოწვეული პრობლემების, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის პროექტებისა და პროგრამების შესახებ
სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამეს მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. უკვე ყველა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ გეოლოგები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც მოხდება ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარება.
თათბირზე ასევე განიხილეს 2024 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესი. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ნაწილზე ტენდერი გამოცხადებულია და უახლეს მომავალში დაიწყება სამუშაოები, ნაწილზე კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 10 მლნ ლარია გათვალისწინებული.
გარდა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, განხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 83-ივე სოფელში განხორციელდება მოსახლეობის მიერ შერჩეული სხვადასხვა სახის პროგრამა თუ ინფრასტრუქტურული პროექტი.
მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 2 მლნ ლარზე მეტია გათვალიწინებული, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება 18 მიზნობრივი პროგრამა. მიმდინარე წელს დაემატა ორი ახალი სოციალური პროგრამა - პერსონალური ასისტენტით მომსახურება და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის თუნუქის ფურცლით უზრუნველყოფა.
წარმომადგენლებმა მერისგან მიიღეს დავალება 2024 წელს დაგეგმილი პროექტებისა და პროგამების შესახებ დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას, რათა მაქსიმალურად შეძლონ მერიის პროექტებითა და პროგრამებით სარგებლობა.