ხაშურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ გომის, აგარების, დიდი და პატარა სატივეს, ხიდისყურის, ვაყას და ქვემო აძვისის მოსახლეობას.
მოქალაქეებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს პრიორიტეტულ პრობლემებზე და დასახეს მათი გადაჭრის გზები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებებზე მოსახლეობამ შემდეგი პრიორიტეტები გამოკვეთა: გომში სანიაღვრე არხის გაწმენდა გადაწყდა, აგარებში სტადიონი მოეწყობა, დიდ სატივეში მოსახლეობამ ხიდის რეაბილიტაციას დაუჭირა მხარი, პატარა სატივეში ადგილობრივებმა პრიორიტეტი გარე განათების მოწყობას მიანიჭეს, ხიდისყურში საწრეტი არხის გაწმენდა დაიგეგმა, ვაყაში მოსახლეობამ სასაფლაოს შემოღობვა და თავშეყრის ადგილის მოწყობა აირჩია, ქვემო აძვისში კი საბავშვო სკვერის მოწყობა გადაწყდა.
მოქალაქეთა გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.