ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა სოფელ ნაბახტევში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
სოფელში ხიდის რეაბილიტაცია და გზის დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის დამცავი კედლის მშენებლობა მოქალაქეთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პროექტის ღირებულება 344 740 ლარია.
სოფელ ნაბახტევში ხიდი მდინარე ჭერათხევის ადიდების შედეგად ჩამოიშალა. ხაშურის მუნიციპალიტეტმა ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, შუამდგომლობით მიმართა შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციას და წარმოადგინა, ექსპერტიზის დასკვნა, ასევე, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც, ნაბახტევის ხიდის მშენებლობისთვის გამოიყო თანხა. აღსანიშნავია, რომ ნაბახტევის ხიდის ჩამოშლის შემდეგ, მოსახლეობას სოფელთან დამაკავშირებელი ალტერნატიული ხიდით უწევს სარგებლობა, რაც მათთვის გარკვეულ ბარიერებს ქმნის, ამიტომ ძირითადი ხიდის მშენებლობა ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ნაბახტევის ხიდის მშენებლობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებელი ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 940 000 ლარს შეადგენს.