სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში, 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

3 750 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოები, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, თანამედროვე სტანდარტების ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სასადილო; ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

სკოლა  სრულად ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. უზრუნველყოფილი იქნება ინტერნეტ ქსელის, სახანძრო უსაფრთხოებისა და გათბობის ახალი სისტემებით.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს სკოლის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.