,,დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გამკლავებისთვის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია  სპეციალური ტექნიკის ერთეულები და ადამიანური რესურსი. უწყვეტ რეჟიმში იწმინდება როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი გზები, რის შედეგადაც არ გვაქვს დაკავშირებადობის პრობლემა.  თუმცა,  არის კონკრეტული მდებარეობები, სადაც  კლიმატური პირობებისა და  უხვი თოვლის  გამო, ჯერ კიდევ არის  გამოწვევები“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების შეფასებისას.

როგორც მან გურიაში მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ინტენსიურად თოვს იმერეთშიც, სადაც ასევე მობილიზებულია, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა და უწყვეტად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

,,თოვის დაწყებიდან ყველაფერი იყო მობილიზებული,  სწორედ ამან მოგვცა საშუალება,  რომ მთავარი საკომუნიკაციო არტერიები ყოფილიყო შესაბამის მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში იყო გამოწვევები, ვინაიდან  გადაუღებლად თოვდა და სწორედ ამ მობილიზაციამ, ტექნიკისა და ადამიანური რესურსების მაქსიმალურმა ჩართულობამ  უზრუნველყო  დღევანდელი მდგომარეობა. მასშტაბიდან გამომდინარე, ეს არ არის  მოკლევადიანი  და რამდენიმე საათის ამოცანა. ინტენსიური სამუშაოები გრძელდება  რათა ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს არსებობს შესაბამისად გადაიჭრას“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.