,,აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ახალციხის სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერისთვის.  ახალციხის ისტორიაში ეს იქნება პირველი სპორტკომპლექსი, რომელშიც განთავსდება  2 საცურაო აუზი.  ძირითადი აუზი განკუთვნილია, როგორც სინქრონული ცურვისთვის, ასევე წყალბურთის მოედნისთვის.  მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის შენდება მცირე აუზიც,“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ ახალციხეში სპორტკომპლექსის სამშენებლო  სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

ამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება. ახალი სპორტული კომპლექსი მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს. თითოეულ დარბაზსა და აუზს აქვს საკუთარი გასახდელები და საშხაპეები. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს სივრცეებს ღია კაფესა და სპორტული ინვენტარის მცირე მაღაზიისთვის. სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი. სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოების 90% დასრულებულია, მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების გამართვა და მონტაჟი. წლის ბოლოს სპორტკომპლექსი გადავა სატესტო რეჟიმზე და მზად იქნება შემდგომი ექსპლუატაციისთვის.  

,,მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომპლექსი ხელს შეუწყობს სხვადასხვა სპორტული სახეობების განვითარებას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დარბაზებში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ტურნირების გამართვა“'-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.