სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლები მოინახულეს და მოსწავლეებს და სკოლების სრულ კოლექტივს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევში, სრულად განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო.

ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას, დამატებითი სასწავლო ფართის მშენებლობასა და სკოლის საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვას ითვალისწინებდა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, 600 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ფუნქციონირებს: თანამედროვე სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სასადილო; ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები;

სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; უზრუნველყოფილია გათბობის, სახანძრო სიგნალიზაციის და უსაფრთხოების სისტემებით; აღჭურვილია ყველა შესაბამისი ინვენტარით, რესურსებითა და ტექნიკით.

ასევე 3 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები განხორციელდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის 300 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ასევე უზრუნველყო სკოლის აღჭურვა ყველა შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებით, ინვენტარითა და ტექნიკით.

შედეგად, ახალქალაქის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები;  სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, უზრუნველყოფილია გათბობის, სახანძრო სიგნალიზაციისა და უსაფრთხოების სისტემებით;  სრულად აღჭურვილია თანამედროვე  ინვენტარითა და ტექნიკით.

სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლაშიც სასწავლო პროცესი მიმდინარე სასწავლო წელს განახლდა.