ფესტივალში 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგინეს. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
სოლომონ პავლიაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე დაესწრნენ.
„გურჯაანის ფესტივალი კარგი პლატფორმაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის როგორც წარმოების, ასევე ცნობადობის ზრდას; შესაბამისად, მზარდია ექსპორტის მაჩვნებლებიც”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
ფესტივალი, რომელიც ქალაქ გურჯაანის ახტალის პარკში გაიმართა, წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. გურჯაანის ღვინს ფესტივალი, 2022 წლიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში; წარმოდგენილი იყო IWSC-ის ოქროს მედალოსანი ღვინოები. მოეწყო შემოდგომის ნობათისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, გურჯაანის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქპატენტი და კერძო სექტორის წარმომადგენლები.