ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა.
საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” და ,,მრავალფუნქციური სოციალური სივრცე’’ დასახელდა.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში. ფოთის მერიიდან პრიზი მდგრადი განვითარების და ინოვაციების სამსახურის უფროსს, თეონა გეთიას გადაეცა.
კერძო - საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე ნომინაციაში გამარჯვებული პროექტი “სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, BP-ისა და APM ტერმინალს ფოთის (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავდა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნების განვითარების ხელშეწყობას, მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში. პროგრამამ მოიცვა 100 -ზე მეტი მოსწავლე, ხოლო კონკურსის შედეგად ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლა განახლებადი ენერგიის წყაროებით („მზის პანელებით“) აღიჭურვა.
„ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტიდისკრიმინაციისა და ინკლუზიის ხელშეწყობა“ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტი „მრავალფუნქციური სოციალურ სივრცე“, რომლის ფარგლებში ფოთის ცენტრალურ პარკში ადაპტირებული სივრცე მოეწყო, კერძოდ სივრცეში განთავსდა ლედ მონიტორი, დეკორაციული კონსტრუქციები, SDG ინსტალაცია, დამონტაჟდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ატრაქციონები და ჭადრაკის მაგიდები, სივრცისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტ ,,ინოვაციური გარდასახვა“-ს გრანტის ფარგლებში.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ რიგით მერვე კონფერენციაზე, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის 11 ნომინაციაში გამარჯვებული 13 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.