ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. შეჯამდა ოცდასამივე უბნის შედეგები. სხდომაზე შენიშვნები გამოთქვა ოპოზიციამ. ისინი არ ეთანხმებიან საბოლოო შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნების პროცესში დარღვეული იყო ფარულობა და იგი ზეწოლის ფონზე წარიმართა.
„70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს გაფორმდა ტოტალურად გაყალბებული, დაშინების ფონზე ჩატარებული არჩევნები. უამრავი დარღვევა დაფიქსირდა, მაგრამ ფარულობაა მთავარი, რაც იყო ამ არჩევნებზე დარღვეული. კონსტიტუციური უფლებები ჩამოერთვა ამომრჩევლებს, თუმცა ეს არჩევნები მაინც აჩუქეს „ქართულ ოცნებას“ და ხალხს წაართვეს. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დანაშაულია, რასაც დღეს ხელი მოაწერა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ,“- განაცხადა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა ქავთარაძემ.
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ოცდასამივე უბნის შედეგები სრული წესის დაცვით შეჯამდა და ოპოზიციის შენიშვნები ოქმს დაერთვება.
„ჩვენ სრული წესების დაცვით შევაჯამეთ 23-ვე უბნის შედეგები. ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ განსხვავებული აზრი, რაც ბუნებრივია და ეს დაერთვება ოქმს. ჩვენ გქონდა საჩივრები როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოში. გუშინ გასაჩივრდა საიას საჩივარი ფარულობასთან დაკავშირებით , რაზეც დღეს საუბრობდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრი და სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება,“- განაცხადა 70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ.