წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
შეხვედრები, ამჯერად, ქალაქ დუშეთის №2 საჯარო სკოლასა და დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლაში გაიმართა. კამპანიის - „დაზოგე წყალი“ ფარგლებში მომზადებული ვიდეო რგოლები და პრეზენტაცია, V და VI კლასის მოსწავლეებს, წყალმომარაგების კომპანიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ დაფინანსებული პროექტების გარემოს დაცვის კონსულტანტმა, რუსუდან ელიზბარაშვილმა წარუდგინა.
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია საკითხებმა - თუ რა გზას გადის წყალი მოპოვებიდან ჩვენს ონკანამდე, როგორი უნდა იყოს სუფთა წყალი, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება წყლის რესურსზე, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ წყალს და ა.შ.
კამპანიის - „დაზოგე წყალი“ მიზანია წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო კითხვებზე.
წყალმომარაგების კომპანია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან წყლის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.









