,,დარჩეს ბატონი ტარიელი“, ,,ჩვენ ახალი არ გვინდა, ძველი გვირჩევნია“, ,,ძირს უსამართლობა“, - ამ შინაარსის ტრასფარანტებით ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები დირექტორის  არჩევნებიდან ტარიელ კალანდაძის კანდიდატურის  მოხსნას აპროტესტებენ. მათთვის  გაუგებარია,  თუ რატომ არ მიეცა  მას აღნიშნულ  არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.  მათი თქმით სამეურვეო საბჭოს მხოლოდ ერთი კანდიდატი,  იმავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხათუნა ლომთაძე წარედგინა,  რომელიც  საარჩევნო კომსიის თავმჯდომარე იყო.

,,ჩვენთვის  ძალიან გაუგებარი აღმოჩნდა ის რეალობა რომელშიც აღმოვჩნდით. რატომ არ მისცეს ბატონ ტარიელს , რომ დირექტორის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა , არ ვიცით.  გვყავდეს ჩვენი დირექტორი, ვისაც ვენდობით , რომელიც იმსახურებს მოსწავლეთა უდიდეს სიყვარულს. მან დააკავშირა პედაგოგი პედაგოგს, სკოლა სკოლას დაამსგავსა და მძიმე წუთებში გვერდში გვედგა . ის არის ჩვენი ღირსეული საყრდენი. მის გარეშე ჩვენი აქ ყოფნა წარმოუდგენელია. რატომ ჩამოაშორეს დირექტორის თანამდებობას არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი უსამართლობაა.ჩვენი სკოლა  ა პოლიტიკურია და ჩვენი დირექტორი არასოდეს პარტიის წევრი არ ყოფილა,“- განაცხადა  მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მზია ურუშაძემ.