ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
ბათუმის მერის, გიორგი ცინცაძის განცხადებით, ბათუმის ბიუჯეტში, რომელიც 570 მილიონ ლარს შეადგენს, სრულად არის ასახული ქალაქისა და მოსახლეობის საჭიროებები.
მისივე თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. ეს მოიცავს საგზაო და კომუნალურ მიმართულებებს, რომლებიც დღეს ბათუმისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, ასევე ავარიული საცხოვრებელი სახლების პრობლემის მოგვარებას. ამასთან, მნიშვნელოვანი დაფინანსება მიემართება ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, რეკრეაციული სივრცეების შექმნისა და სხვა სოციალური პროგრამებისაკენ.
ბათუმში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. მომავალი წლისთვის დაგეგმილი ინიციატივები კიდევ უფრო მასშტაბურია.
„ერთ-ერთი მთავარი პროექტია ბათუმის შემოვლითი გზის გაფართოება, ტროტუარებითა და განათების სისტემებით, რის შედეგადაც მივიღებთ ოთხზოლიან გზას. ეს, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე, მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანსპორტო მოძრაობას. ასევე, იგეგმება რამდენიმე ახალი დაერთების მოწყობა. ქალაქი იზრდება და დგას როგორც ახალი გზების მშენებლობის, ისე არსებული გზების გაფართოების აუცილებლობა,“ - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.
ბათუმის მერის განცხადებით, 2026 წელს ეტაპობრივად დაიწყება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ასფალტის საფარის დაგება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მონაკვეთებს, სადაც სანიაღვრე სისტემები მოუწესრიგებელია. მისი თქმით თითოეული პროექტი მიმართულია ქალაქის განვითარებისა და ბათუმელების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.








