კახეთში მოსულმა უხვმა ნალექმა შესაძლოა ისევ მდინარე ალაზანის ადიდება გამოიწვიოს.

,,აიპრესი,, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის და სხვა საფრთხის შემცველი ლოკაციების მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება და ალაზნის მიმდებარედ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია მუდმივ რეჟიმში აწარმოებს სტიქიური ხევების მონიტორინგს და ახორციელებს საპრევენციო ღონისძიებებს. წელს კონკრეტულ ლოკაციაზე ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დაგეგმილი არ არის. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა სხვადასხვა მწვავე ლოკაციების სარებილიტაციოდ. ლოკაციების,რომლის დაზიანებამ საფრთხე შეიძლება შეუქმნას წყალსადენი მაგისტრალის სათავეებსა და დასახლებულ ტერიტორიებს,, - განაცხადეს უწყებაში.

ადგილობრივი, სოსო ბაბულაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თან ურთავს ფოტომასალას არქივიდან, რომელიც მდინარე ალაზნის ადიდებას ასახავს. ბაბულაიძე ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

,,მთებში მოსული დიდი თოვლი და მას ამ გაზაფხულზე დამატებული ნალექი წვიმის სახით გამოიწვევს ალაზნის ადიდებას, რომელსაც ვერანაირად ვერ შეაკავებს ეს ქვიშისგან გაკეთებული გროვები, რომლებიც ისედაც განახევრებულებია.

ეს საფრთხეს უქმნის სოფელს და მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ბევრი წინა წლებში ადიდებულმა ალაზანმა რიყედ აქცია.

საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს ამ დამბების გამაგრება და მდინარის კალაპოტის კორექტირება, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.,, - წერს ბაბულაიძე.