კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
ახმეტაში, თელავში, ყვარელში, გურჯაანში, წნორსა და საგარეჯოში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები შენდება, რომლებიც სპორტსმენებს სრულფასოვან სავარჯიშო გარემოს შესთავაზებს.
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა.
ახმეტის საფეხბურთო სავარჯიშო ცენტრის ტექნიკური შენობის ძირითადი კონსტრუქცია უკვე დასრულებულია. აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონის მშენებლობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, საშხაპეებს, სამედიცინო ოთახს, სველ წერტილებსა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრსა და ხელოვნურსაფარიან სტადიონს აშენებს, რაც რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობის ზრდას შეუწყობს ხელს.








