გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძემ გაეცნო.
ექიმის შეფასებით, ორი პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო ცხრა პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
„ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოსული არის 11 პაციენტი, აქედან ექვსი პაციენტი არის პედიატრიული ასაკის და ხუთი პაციენტი არის მოზრდილი. აქედან გამოვარჩევდით ორი პაციენტის მდგომარეობას. ისინი შედარებით მძიმე პაციენტები არიან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“, - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტოლოგმა ანა კოჩაძემ.
პირველადი ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პ.ს. ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი








