„ვივამედის“ კლინიკური ექიმის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კონკრეტული ადამიანები კლინიკის ექიმებს ემუქრებიან და პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს.

მისივე თქმით, როდესაც მუქარაზე საუბრობს, მხედველობაში არ ჰყავს სააკაშვილის ოჯახის წევრები.

ზურაბ ჩხაიძე მიიჩნევს, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან, რათა მედპერსონალთან დაკავშირებით მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის, წარმოუდგენელი მუქარების ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი, რადგან უკვე გადავიდნენ მუქარებზე, ოჯახის წევრებზეც. მათ შორის მეც მემუქრებიან და ჩემი ოჯახის წევრებსაც. გვემუქრებიან სოციალური ქსელით, არის სატელეფონო მესიჯები. ყველა ეს ადამიანი დასახელდება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.