საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა ბახტრიონზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სააფთიაქო ნარკომანიის კონტროლის გამკაცრებისა და ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობისა და რეკლამირების შეზღუდვის საკითხზე აქცია გამართა.
დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია მოითხოვს აღნიშნული საკითხის დროულად გადაჭრასა და შესაბამისი ზომების მიღებას. ,,ქალაქის უმძიმესი პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანია და აზარტული თამაშები, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაანგრია ოჯახები და წაართვა მომავლის პერსპექტივა ახალგაზრდებს. კრიტიკულად მაღალია მათზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი სააფთიაქო ნარკოტიკებზე, სწორედ ამ პრობლემით მოგვმართა ბახტრიონზე მცხოვრებმა მოსახლეობამ”, - აცხადებს შაქარიშვილი. მისი თქმით, არასრულწლოვანი ადამიანები ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ყიდულობენ ისეთ მძიმე მედიკამენტებს, რომლებიც შემდგომ მათ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. შაქარიშვილმა მიმართა შესაბამისს სამსახურებს, რათა მოიკვლიონ ასეთი აფთიაქების საქმიანობა. “ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანები ამ მძიმე სენისგან, განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც მარტივი ხელმისაწვდომობის და რეკლამის შედეგად ერთვებიან აზარტულ თამაშებში და ინტერესდებიან ნარკოტიკებით!” - აცხადებს შაქარიშვილი.