ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. საქმე ეხება პარტია „ლელოს“ დღევანდელ ბრიფინგს.
ჩხარტიშვილის განმარტებით, ბრალდება რუსულ ნავთობთან მის კავშირსა და სანქციების გვერდის ავლაზე მიზანმიმართული კამპანიაა, როგორც მის მიმართ, ასევე მთლიანად ქვეყნის მიმართ.
„დღეს, ბრიფინგზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა რუსული სანქცირებული ნავთობის გასაღებისა და რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის არარსებულ ფაქტთან დაკავშირებით მახსენა. ირაკლი კუპრაძე გამოუცდელი ახალგაზრდაა და ადვილია მისი გამხმოვანებლად გამოყენება, მაგრამ ამ ბრიფინგის დამგეგმავმა, „ლელოს“ დამფუძნებელმა და თაღლითობაში მხილებულმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კარგად იციან, რომ არც სანქციამდე და მით უფრო სანქციების მერე არ მქონია არანაირი შეხება რუსულ ნავთობთან და ჩვენი მხრიდან არ ყოფილა და არც მომავალში ექნება ადგილი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას.
უფრო მეტიც, ბიზნესში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის ცხადია, რომ ასეთი რამ თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან გემების და ტვირთების საზღვრის კვეთას სასაზღვრო ადმინისტრაცია და შემოსავლების სამსახურები მკაცრად აკონტროლებენ და გასული წლის 26 თებერვლიდან საქართველოში არ დაფიქსირებულა სანქციის დარღვევის არცერთი შემთხვევა. ეს არაერთხელ იქნა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც.
ეს არ არის პარტია „ლელოს“ მხრიდან ჩემზე სიცრუის შეთხზვისა და ტირაჟირების პირველი შემთხვევა და ფაქტია, რომ ადგილი აქვს როგორც გამიზნულ მავნებლობას ქვეყნის წინააღმდეგ, ისე პოლიტიკური ტრიბუნის ბიზნეს ანგარიშსწორებისთვის გამოყენების მცდელობას. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დგანან „ლელოს“ ამ უნიჭო კამპანიის უკან და რომელთაც არც სამართლებრივი, არც მორალური და არც ბიზნეს პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, ჩემი მხრიდან მაინც სამართლებრივი რეაგირება იქნება“, - აღნიშნულია ბიზნესმენის განცხადებაში.