„გირჩის“ დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის განმარტებით, ვაშაძის, ხოშტარიასა და ჯაფარიძის რადიკალური განცხადებები ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი დაიკავოს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ გაჩნდა იდეა პრაიმერის თაობაზე, ამას ვეთანხმებოდი, რადგან ეს მართლა იქნებოდა პარტიების შოუ, სადაც თითოეულ პარტიას საკუთარი პოზიცია საზოგადოებისთვის უნდა გაეცნო. ახლა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რას ვეუბნებით? – „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ არიან მოღალატეები და კოლაბორაციულ ურთიერთობაში არიან ოკუპანტთან. ზუსტად ანალოგიური ბრალდებებია მეორე მხრიდან. შეუძლებელია, რომ ასეთი დაპირისპირებული მხარეები ოდესმე რაიმე კონკრეტულ თემაზე შეთანხმდნენ და თავის ამომრჩეველს აჩვენონ, რომ ისინი თანამშრომლობენ. მაშინ, გამოვა, რომ თანამშრომლობენ მტერთან. აქედან გამომდინარე, ამ სამეულის რადიკალური განცხადებები ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს სურვილი აქვს, დაიკავოს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი. არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ნიჭი არ ეყოფათ. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაში ნიჭი სჭირდება“, – განაცხადა ვახტან მეგრელიშვილმა. ჟურნსლიტეის კითხვაზე, „ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე უნიჭოები არიან?“, ვახტანგ მეგრელიშვილმა უპასუხა: „ძალიან უნიჭოები არიან. ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, დანარჩენებს ვიცნობ. ვაშაძე და ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, უნიჭოები არიან. ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეთანხმა. მაგალითად, ამის დამტკიცება იაგოსთვის მიჭირდა, მაგრამ რაც ჯაფარიძე დამეხმარა, მგონი, დაიჯერა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“ და პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს.