შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.
როგორც შს მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბადრი ესებუას საპოვნელად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ღიად ვერ ისაუბრებს. "ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე, სამწუხაროდ, ღიად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვმუშაობთ და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, რომ ეს ადამიანი დააკავოს ,ეს ჩვენ გვინდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რა თქმა უნდა“, - თქვა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ: შარშან, 25 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამ საქმესთან დაკავშირებით, შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 14 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა - შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.