დღეს, უკრაინაში სასტიკი ომის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყების ბრძანება გასცა და რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ომის დაწყების წლისთავზე, კიევში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამიტს ონლაინ რეჟიმში დაესწრება დამატებით 24 სახელმწიფოს პირველი პირიც. მისივე ინფორმაციით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე, უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე.

დიდი ალბათობით, განსახილველ თემებს შორის იქნება გაეროს ის რეზოლუციაც, რომელიც ომის დაწყების მესამე წლისთავის აღსანიშნავად უკრაინამ ევროპის მხარდაჭერით შეადგინა. საკმაოდ გრძელ ტექსტში კიევი რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ადანაშაულებს. დოკუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მის სანაცვლოდ, ვაშინგტონმა გაეროში რეზოლუციის საკუთარი პროექტი წარმოადგინა.

გავლენიანი გამოცემები იტყობინებიან, რომ ამერიკელი დიპლომატები ევროპელი კოლეგების დათანხმებას ცდილობენ, რათა მათ კიევი ტექსტის უკან გაწვევაზე დაითანხმონ.