ვნახეთ ყველაზე ოდიოზური ფიგურა - მურთაზ ზოდელავა - სააკაშვილის პროკურორი წინ, ლიდერად გამოიყვანეს და ფარად ააფარეს ახალგაზრდები. როგორც არ უნდა შევხედოთ ამ პროცესს, ყველანი ვხვდებით, რომ ის არის მართული იმ ძალის მიერ, რომელსაც უნდა, რომ ეს ქვეყანა უბრალოდ დაღუპოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა.
"4 ოქტომბერს ეს ადამიანები გამოვიდნენ და დაიწყეს საუბარი ზუსტად იმ ადამიანების სახელით, რომლებიც იქ არ იდგნენ. ისინი გვხვდებოდნენ წინასაარჩევნო შეხვედრებზე და ჩვენ ვსაუბრობდით იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც დღეს დედაქალაქის წინაშე დგას. ოპოზიციამ დაიწყო საუბარი ზუსტად ამ ხალხის სახელით. არ ვიცი, რა შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვათ. წლიდან წლამდე ძალიან ბევრ რესურსს ვდებთ იმაში, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს და ამ ადამიანებს უბრალოდ ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ცეცხლი წაუკიდონ. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, დღეს ახალგაზრდები ცეცხლს რომ უკიდებენ რაღაცას, ეს ხდება საამაყო. პოლიციელს რომ ცეცხლს წაუკიდებ, ინფრასტრუქტურას რომ დააზიანებ... გვახსოვს, შარშან თბილისში ახალდარგული ხეები ამოთხარეს რუსთაველის გამზირიდან და ბორდიურებიდან ქვები ამოყარეს, რომ ესროლათ სამართალდამცველებისთვის. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც შეიძლება მოსწონდეს ეს რეალობა და სურათი", - განაცხადა ნიბლოშვილმა
ცნობისთვის, შსს-მ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა
შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა 14 პოლიციელი. ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს