არ მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში მასობრივ მღელვარებას ვნახავთ - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ცხარე პოლიტიკური დებატების საგანი ისეთი თემა არ ხდება, რომელიც ამ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია. ესეც არის მიზეზი, უკიდურესად დაბალი ნდობის, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ. ადამიანების უმრავლესობას განცდა აქვს, რომ პოლიტიკურ კლასი ლაპარაკობს ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც მათ ყოველდღიურად აწუხებს. თვითონ რომ ამბობენ, ყველაზე რეიტინგული და მთავარი ოპოზიციური პარტია ვართო, ეს პოლიტიკური ძალა პარლამენტში საქმიანობაზე უარს ამბობს, მხოლოდ იმიტომ რომ დღის წესრიგად ერთადერთი საკითხი აქვს. მათი ამოცანა გახდა, ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი ერთი საკითხით შემოიფარგლოს.
მე ვფიქრობ, რომ ამას შედეგი არ ექნება, რადგან არ მაქვს განცდა, რომ ქართული საზოგადოება დაირაზმება. ასე, ამ ფორმებით, იმ ლიდერით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, არ მაქვს მოლოდინი, რომ მასობრივ მღელვარებას ვნახავთ საქართველოში. ამ განწყობებს, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არ მალავენ. ის, რაც „ნაციონალური მოძრაობაში“ ხდება, არ ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე ნიშნით, მთავარი ამბავია“,- აღნიშნა ხიდაშელმა.