ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყება ბიძინა ივანიშვილის გამო დანიის ელჩს იბარებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ერთ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც, როგორც ქართველი დიპლომატი, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოვადგენდი. სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა და ისინი ყველა დავალებას სრული მორჩილებით ასრულებენ. სწორედ ეს არის მანკიერი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალთან სრულიად შეუსაბამოა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა, რომ იზრუნოს არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, არამედ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
საქართველოში დანიის ელჩი ენ ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ იმყოფებოდა. ელჩის დაბარების მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში დანიის საელჩომაც, სადაც ნათქვამია: „ვხედავთ ელჩის დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში“.