მნიშვნელოვანია სანქციების გაფართოება, რომ ეს მოიცავდეს ფინანსურ კლანს, რაზეც დგას რეპრესიული რეჟიმი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სანქციების გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, პირთა წრეზე, რომ ეს მოიცავდეს არა მხოლოდ პერსონალურად ივანიშვილს, ასევე მის ოჯახის წევრებს, რომ მან ვერ შეძლოს სანქციებისთვის თავის არიდება, აგრეთვე ეგრეთ წოდებულ ხელშემწყობებს, რომლებიც არიან მისი პროპაგანდისტები, თუ ეგრეთ წოდებული ბიზნესი და სინამდვილეში ფინანსური კლანი, რაზეც დგას რეპრესიული რეჟიმი. ასე რომ, გაფართოება პირთა წრეზე, ისევე როგორც ქვეყნების ჩამონათვალის თვალსაზრისით, ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ ბალტიის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს და ა.შ. მაგრამ უნდა გაფართოვდეს, რათა ყველა ევროპული ქვეყნის და ზოგადად ევროკავშირის დონეზე იქნეს მიღებული სანქციების გადაწყვეტილება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.