საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე საუბრობდა ზოგიერთი პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით და 1 200 000-მა ადამიანმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტებით წარდგება.
„აქამდე ბრალს გვდებდნენ, რომ რაღაცებს ვიგონებდით, რათა ეს პროცესი გაგვეჭიმა. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ უბრალოდ სამუშაო პროცედურაა და იმედს გამოვთქვამდით, რომ დროზე იქნებოდა ჩანიშნული. დროზეც ჩაინიშნა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იანვარში მოხდებოდა ეს, დეკემბერში თუ ივლისში. ეს არის კონსტიტუციური პროცედურა, ჩვენ ამ ინიციატივაზე ვისაუბრეთ არჩევნებამდე. წინასაარჩევნო პროცესის ერთ-ერთი სლოგანი იყო, რომ აუცილებლად გამოვიყენებდით ამ კონსტიტუციურ პროცედურას და შევეცდებოდით, დაგვემტკიცებინა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ეს ორგანიზაციები არაკონსტიტუციური ორგანიზაციებია. ამის შემდეგ ქართველმა ხალხმა, 1 200 000-მა კაცმა მოგვცა ხმა. ანუ, მათ იცოდნენ, რის გაკეთებას ვაპირებდით და 1 200 000-მა კაცმა გვითხრა: წადით, გააკეთეთ, და ვაკეთებთ. შეიძლება, დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ახლა დავაჩქარეთ, ბრალს პირიქით გვდებდნენ, რომ ვწელავდით. სარჩელში რაც არის წარმოდგენილი, ის პოზიცია გაცხადებულია და სასამართლოში ამის დასაბუთებას შევეცდებით. მხარეებს შორის პაექრობა აუცილებლად გაიმართება და იქ მეტი კონკრეტიკა იქნება წარმოჩენილი. ჩვენ მივდივართ სასამართლოში, რომ დავამტკიცოთ, ეს პარტიები არაკონსტიტუციურები არიან. რას მოიტანს? კონსტიტუციური განაწესის აღსრულებას. ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სასამართლომ, შეიძლება, გაიზიაროს, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოსარჩელე მხარე იქ რას მიიტანს. მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა, ჩვენ უნდა ვამტკიცოთ მათი არაკონსტიტუციურობა. გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ვერ იმსჯელებს, იქ ვერც მიტინგებით გამოვალთ. მიტინგური ნარატივები თუ დავიწყეთ, რა თქმა უნდა, წავაგებთ. საკონსტიტუციო სასამართლოში მიტინგის ჩასატარებლად და პოლიტიკური დეკლარირებისთვის არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ იქ სამართლებრივი არგუმენტებით. ოპონენტებსაც ვურჩევ, რომ სამართლებრივი არგუმენტებით დაგვხვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მარტივად წააგებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.








