პარლამენტში მე ვსაუბრობდი ქართულ აფროსნობაზე, როდესაც ქალებმა აფრები აუშვეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მიმდინარეობს.

„მინდა, ყველას გამძლეობა გისურვოთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან დიდი ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ არის რომელიმე ჩვენგანის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და იმ ღირებულებების დასამარცხებლად, გასანადგურებლად, რომელშიც ჩვეულებრივ ინსტრუმენტებად არიან გამოყენებულები იმ ქალების გუნდი, რომელიც გარშემო მეხვია. მე ვსაუბრობდი ქართულ აფროსნობაზე, როდესაც ქალებმა აფრები აუშვეს. პირველად ქართული აფროსნობის ფედერაციის ისტორიაში, სამინისტრომ აფროსნებისთვის შეიძინა ხუთი ცალი ოლიმპიური ე.წ. ლაზერის კლასის ნავი, რომლითაც შემიძლია, ეს ქალები გავასეირნო. მეტი არ ვიცი, როგორ შეიძლება, ისინი დავაწყნაროთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,  როდესაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ტრიბუნასთან იდგა, ოპოზიციის დეპუტატები: თინა ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი მასთან მივიდნენ, ბანერი გაშალეს და თეა წულუკიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.