პარტიისთვის ან პოლიტიკური პირისთვის, რომელიც პარტიულ საქმიანობაშია ჩართული, შემოწირულობისა თუ დასაჩუქრების ძალიან კონკრეტული წესები არსებობს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას: „რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის“.
მინისტრის თქმით, პარტიულ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკური პირისთვის დასაჩუქრების ძალიან კონკრეტული წესები არსებობს და ამ საკითხის შესწავლა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დაპირისპირებაზე მთავარია.
„რა თქმა უნდა, თავისთავად აღებული რომ ერთმანეთს საჩუქრებს აყვედრიან, საინტერესო ვერ იქნება, ეს მათივე ამომრჩევლის შესაფასებელია. ჩვენ უკვე დიდი ხანია, დაახლოებით ოცი წელია, რაც მათზე შევიქმენით წარმოდგენა, მაშინ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და მაშინ, როცა არიან დესტრუქციული განწყობებით ოპოზიციაში. მთავარი აქ ის არის, რომ გამოირკვეს, ხომ არ არის ამ ყველაფერში კანონის დარღვევა, რადგან პარტიისთვის ან პოლიტიკური პირისთვის, რომელიც პარტიულ საქმიანობაშია ჩართული, შემოწირულობისა თუ დასაჩუქრების ძალიან კონკრეტული წესები არსებობს ჩვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, შესაბამისი სტრუქტურები ამ საკითხს შეისწავლიან. ჩვენთვის უფრო მეტად ეს საკითხია მთავარი, ვიდრე შიდა დაპირისპირება და ერთმანეთისთვის წარსულში გაკეთებული საჩუქრების დღეს შეხსენება შიდაპარტიული არჩევნების მიზნებისათვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დავით კეზერაშვილის მიერ ნიკა მელიასთვის ავტომანქანის ჩუქების შესახებ ინფორმაციაზე მოკვლევა დაიწყო.