აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გზავნილები არის საქართველოში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმედის მომცემი, თუმცა რაიმე ტიპის ეიფორია ან საბოლოო დასკვნების გაკეთება, ვფიქრობ, ნაადრევია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
"ფაქტია უკვე ის, რომ ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, რის შესახებაც მზაობა მაღალ დონეზე, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არაერთხელ გაცხადდა. ეს იმედი ეფუძნება იმას, რომ ახალ პრეზიდენტს აქვს მწვავე აღქმა, რომ ომი ცუდია, როდესაც ის არაფერს ემსახურება, რომ ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და ამდენი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, აუცილებლად უნდა დასრულდეს, რომ არ შეიძლება საომარი ახალი კერები იხსნებოდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ეს ასე სურს. რა თქმა უნდა, ეს ემთხვევა ჩვენს ხედვას მშვიდობაზე და იმ ანტიმილიტარისტულ საქმიანობას, რასაც „ქართული ოცნება“ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ეწევა.
სანქცია, რომელსაც არ მოჰყვება შედეგი, არის სანქცია სანქციისთვის და საბოლოოდ, აზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. აზიანებს მსოფლიო საერთაშორისო დღის წესრიგს და ქმნის დაძაბულობის ახალ-ახალ კერებს, რაც მაქსიმალურად თავიდან უნდა იქნეს აცილებული“, – განაცხადა წულუკიანმა.