თავდაცვის მინისტრმა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ჯარს უხარისხო ფორმები მიეწოდება, რადიკალური სიცრუე უწოდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა.
„გამახვილებული იყო ყურადღება ჩვენი სანივთე ქონების ხარისხზეც, რაც ასევე რადიკალური სიცრუეა. ჩვენ პანდემიის პერიოდმა დაგვანახა, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს საწარმო ჰქონდეს. კორონას პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, ბევრი თურქული საწარმო დაიხურა, ბევრმა წარმოება შეამცირა. რაღაც პერიოდში საჭირო ნივთების მიღება გაგვიჭირდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და შევიძინეთ უკვე ამუშავებული საწარმო, სადაც 100 თანამშრომელი იყო და დღეს 600-მდე ადამიანია დასაქმებული. მობრძანდით, აიღეთ ნებისმიერი ტანსაცმელი, მაგალითად, ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა „დელტა ტექსტილზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სსიპ-ის მიერ დაფუძნებული შპს სამართლებრივად მიღებული პრაქტიკაა და შესაბამისად, შესაძლებელია მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაც.
„რაც შეეხება „დელტა ტექსტილს“, აქ იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან, თუნდაც ჯარისკაცების ახლობლებისგან და იმდენად მოსწონს ყველას წარმოებული პროდუქტის ხარისხი, რომ „ონლაინ“ მაღაზიის გაკეთებასაც ვფიქრობთ. ზოგადად, პოპულარიზაციისთვისაც ცუდი არ იქნება, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ეცმევათ სპორტულები, რომლებსაც თავდაცვის სამინისტრო ან თავდაცვის ძალები ეწერება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.