ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს მომავლის მხარდასაჭერად.

როგორც თამარ კორძაიამ ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტის ოპოზიცია ითხოვს რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„მიგვაჩნია, რომ დღეს თითოეული ადამიანი, საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულია, გამოხატოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამიტომ, ჩვენ გვსურს, საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე დადგეს ინიცირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. ამ მიზნით, ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ თითოეული პარლამენტის წევრი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას და რეაგირების არმოხდენა გახდება სანქცირების გაგრძელების საფუძველი, ასევე, ამ ქვეყნის განვითარების შეფერხების საფუძველი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ ერთობლივ ბრიფინგზე.