პარტიების აკრძალვის გამო ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდეს, ეს პარტიები ამ ხალხის ინტერესებს უნდა განასახიერებდნენ, მათ პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე კამათობდნენ. ახლა ეს არ ხდება, – პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილის თქმით, პოლიტიკურ დღის წესრიგში მოქალაქეების ინტერესებს, ანუ კონკრეტული სოციალური ჯგუფების კონკრეტულ პრობლემებს ძალიან მცირე ადგილი უჭირავს.
„ამიტომ, თავში აზრადაც კი არ გაგვივლია, რომ აქცია მოგვეწყო. რასაც ვაწყობთ, ვთქვით გარკვევით.
25 ოქტომბერს ვიკრიბებით თსუ-სთან და ვიწყებთ კამპანიას 28 ნოემბრის აქციისთვის – საერთო კამპანია კარგია, რადგან პარტიებისთვის თანამშრომლობის სივრცეს ქმნის და სინერგიას უწყობს ხელს.
ბათუმში ჩამოვედით ჩვენი პარტიის მშენებლობის ამოცანით – ამის ნაწილია ბათუმელების პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი. ვცდილობთ, ლიდერობის ვაკუუმი შევავსოთ ხალხის ინტერესების პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებით. აკრძალვის პროცესი უბრალოდ დაგვემთხვა.
არაფერ შუაში ვართ არც „ფედერალისტები“ და არც „ალიანსი“ საკონსტიტუციოსთან გამართულ აქციასთან – „ნაცმოძრაობის“ აქცია იყო და მტრის პროპაგანდა. სტატუს კვო ლოიალისტებს აბრიყვებს, თითქოს ყველა „ნაცებივით“ დელუზიურები ვართ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.




