პარადოქსი და ნონსენსია, კეზერაშვილის ნაჩუქარ ჯიპზე თვითონ ზის, ადეიშვილის აღსრულების ბიუროს უფროსი იყო, როდესაც თამარ ჩარკვიანი ათენებდა და აღამებდა ზუსტად იმ აღსრულების ბიუროს საწინააღმდეგოდ და გირგვლიანის გამო, 30 ქალი ვიდექით ქუჩაში, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.
თამარ ჩარკვიანი ნიკა მელიას ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა. ჩარკვიანის თქმით, დასავლური ვექტორის ოპოზიციურ პარტიაში არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არჩეულია ლევან ხაბეიშვილი და ამომრჩეველმა მელიას მიუთითა, რომ მისი სტრატეგია არ მოეწონა.
„ვეუბნები, ახლა, როცა რუსეთი კარზეა მომდგარი, ვის ემსახურებით-მეთქი, ხმას რომ არ იღებთ არაფერზე, არც ფრენებზე, საკუთარი ლიდერიც რომ დაგავიწყდათ ციხეში, დაკავებული ხართ, რომ თამარ ჩარკვიანს ცილისმწამებლური ტალახი ესროლოთ და ებრძვიან ლეგიტიმურ თავმჯდომარეს. ვეუბნები, ეს მოიტანს პარტიის დასუსტებას, რადგან ის უკვე ლეგიტიმურია, ამომრჩეველმა მიგითითა, რომ შენი სტრატეგია არ მომეწონაო. რიგით ჯარისკაცად დადექიო გითხრეს და დადექი რა, ძნელია? კეზერაშვილმა მანქანა აჩუქა, პარტნიორიაო, ახლა იძახის, არაფორმალური იყოო კეზერაშვილი, მერაბიშვილიო და მერაბიშვილის დაფუძნებულ პარტიაში არ იყო მელია? მე ხომ არ ვიყავი. მე უარი ვთქვი საპარლამენტო არჩევნებში სიაზე და შენი პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მართლა უმძიმეს მდგომარეობაშია და კვდება, რა დროს ესაა, სირცხვილი არ არის? თან ვიღაცის ნაჩუქარ ჯიპზე იყო და თან ლაპარაკობდე, ამიტომ არ მჯერა ამათი, იტყუება“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.
ამასთან, თამარ ჩარკვიანი ამბობს, რომ ხატია დეკანოიძე და ნიკა მელია ახალ საყრდენს ეძებენ.
„იტყუება დეკანოიძეც, წითელი ხაზიაო ჩემთვისო, სისტემური დანაშაულები იყო მაშინო. მე და მაშინდელ ოპოზიციას რომ გვეთქვა ეს, გავიგებდით და პოლიციის აკადემიის რექტორი, ვანო მერაბიშვილის უწყების მაშინდელი მაღალჩინოსანი როდესაც საუბრობს, მაშინ სისტემური დანაშაული ხდებოდაო, სულ ცოტა, ეს არის სამარცხვინო ჩვენება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ. თუ იყო წითელი ხაზები, მაშინ უნდა ამოგეღო ხმა, როცა საჭირო იყო. სულ მგონია, რომ ახალ საყრდენს ეძებს, ამათ ჰგონიათ, თავისი ჭკუით მოაქუჩეს მომაკვდავი მესამე პრეზიდენტი ციხეში და ეძებენ ახალ საყრდენს, ვისთანაც გაუვათ, ხან გილაურთან სინჯავენ, ხან სხვა ბანკირთან და ამ დღეში არიან. ცრუპენტელა და ფსევდობრძოლაში ყოფნა ყველაზე ცუდია. არ დავუშვებ, რომ ეს ცუღლუტები, რომლებსაც ქარვასლა ჰგონიათ სამშობლო და მელიას ახალი ოფისი ქვეყანა, ინაწილებენ ხან ბრონირებულ ჯიპებს, ხან არაბრონირებულს, ვერ იყოფენ რაღაცას, პერიოდულად ვიღაცის გადმოგდებულს, მერე იტყვიან, ის პარტნიორი იყო, მაგრამ ახლა აღარ არის პარტნიორიო, არ მჯერა ამ მოქმედების. არ ვიცი, რა გაკეთდება, მაგრამ ვხედავ, რომ ოთხი თვეა, ლევან ხაბეიშვილს სასტიკად ებრძვიან და იმიტომ უფრო არ ვაკრიტიკებ. ვხედავ, რომ წვალობს და სულ ბორბლებში უდებს მელიას განაყოფი, ამიტომ ასეთი ბრძოლის დროს ძალიან რთულია, რაღაც ბოლომდე გააკეთო. ესენი ეძებენ ახლა ახალ დამფინანსებელს და ამ დღეში არიან, ქვეყანა კი იღუპება. მელიაც ფსევდოა და მისი ხატია დეკანოიძეც. აბა, მე რა უნდა მითხრა, მაშინაც ოპოზიციაში ვიყავი და ახლაც ოპოზიციაში ვარ, მუდამ ოპოზიციაში ვიყავი სამართლებრივი სისტემის, პენიტენციურის გამო, თორემ მიხეილ სააკაშვილს რომ სახელმწიფო საქმეები და შენება აქვს გაკეთებული, ნეტა, იმის მეოთხედი ვინმემ გააკეთოს. საერთოდაც, მე პირადად მიკვირს, როგორ შეძლო ამ ადამიანმა ეს ამ ხატიების, მელიების და ბოკერიების ხელში. ასეთი ფსევდოტიპებით ოპოზიცია ომს ვერ მოიგებს, როდესაც კარზე ოკუპანტია მომდგარი და იძახი, რომ აქციის ფული არ გაქვს და ვიღაცის ჯიპზე ზიხარ. არ მომწონს ეს ყველაფერი და ვამხელ, რადგან არ ვაპირებ ფსევდოტიპებთან ბრძოლას, რომ ხალხმა შემდეგ გვლანძღოს მათ მაგივრად. ჩემი ცხოვრება არც დაწყებულა ხატია დეკანოიძესთან და ნიკა მელიასთან და არც დასრულდება, ცოტა სხვა ტრადიციები მაქვს და მიმაჩნია, რომ ტყვია მიზანშია მოსახვედრი და ჯერ არ არის მოხვედრილი, თავისუფლება ფსევდოოპოზიციასთან ერთად არ მოდის. უნდა მოვიდეს ნამდვილებთან ერთად, რომლებიც არიან, იგივე იმ ოპოზიციაშიც ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანია“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.